სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ არიენ რობენთან

არიენ, პარასკევს სტარტს ბუნდესლიგა აიღებს. ჩემპიონატს ბაიერნი ჰოფენჰაიმთან მატჩით დაიწყებს. რამდენად დიდი მოლოდინი გაქვთ პირველი ტურის?
"რა თქმა უნდა, გუნდს მოლოდინი აქვს. ბუნდესლიგა განსხვავებული ტურნირია, რომელიც 34 ტურიდან შედგება. გრძნობ, რომ ყველაფერი ნამდვილად იწყება. დიდ მოლოდინში ვიმყოფები".

წინა სასეზონო მომზადების დროს ბევრ უმაღლესი დონის მეტოქეს შეხვდით. რამდენად კარგად არის მომზადებული გუნდი ჩემპიონატის სტარტისთვის?
"კარგ გზას ვადგავართ, მაგრამ რასაკვირველია პროგრესირება კიდევ შესაძლებელია. სათამაშო პრაქტიკა გვჭირდება. მაგრამ ბუნდესლიგის სტარტისთვის მზად ვართ".

ჰოფენჰაიმი უსიამოვნო მეტოქეა. ბოლო წლებში არა ერთხელ გაგამწარათ. რას ელოდებით მატჩისგან?
"ვფიქრობ, რომ ძალიან-ძალიან რთული მატჩი იქნება. ჰოფენჰაიმი ძალიან კარგი გუნდია. წინა სასეზონო მომზადების დროს ძლიერი გუნდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს. გერმანიის თასზე ანგარიშით 6:1 გაიმარჯვეს. ვიმეორებ, ძალიან კარგი გუნდია. პარასკევს პირველივე წუთებიდან მატჩზე სადავეები უნდა მოვიპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საღამოს გაგვიფუჭებენ. ამის თავიდან არიდება გვსურს, სეზონში კარგი სტარტის აღება გვინდა".

ბაიერნის რიგებში თქვენთვის მეათე სეზონი იქნება. 2009 წლის ზაფხულში გადასვლის დროს გეგონათ, რომ მიუნხენში ამხელა დროით გაჩერდებოდით?
"არა, არ მეგონა. რეალისტი ვარ და ვხდები, რომ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად მომხდარიყო. გრონინგენში დებიუტის შემდეგ ორი წელი ეინდჰოვენში გავატარე. 18 წლის ასაკში სახლი დავტოვე, რაც ჩემთვის დიდი ნაბიჯი იყო. 20 წლის ასაკში ჩელსიში გადავედი, დიდი კლუბია. შემდეგ 2 წელი მადრიდში გავატარე. ბაიერნში გადასვლის დროს სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. არ ვიცოდი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა. ახლა ვადასტურებ, რომ კარიერის განმავლობაში საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე".

ბუნდესლიგაში უკვე დიდი ხანია თამაშობთ, მაგრამ მომდევნო ჩემპიონატში რაღაც სიახლეები მაინც გელოდებათ: პირველად ჰამბურგის წინააღმდეგ არ ითამაშებთ, მაგრამ ასევე პირველად დიუსელდორფს შეხვდებით. რომელი მატჩის მოლოდინში ხარ ყველაზე მეტად?
"ჰამბურგში თამაში ყოველთვის სასიამოვნო იყო. მშვენიერი ქალაქია, რომელსაც მშვენიერი სტადიონი აქვს. სამწუხაროა, რომ ჰამბურგი პირველ ბუნდესლიგას დაემშვიდობა. გამიგია, რომ დიუსელდორფის სტადიონზეც მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. ასევე ნიურნბერგშიც, სადაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვითამაშია. ყველა მატჩს მოუთმენლად ველი".

რითი მოგწონთ ბუნდესლიგა და რა განსხვავება აქვს მას სხვა ევროპული ჩემპიონატებისგან?
"მე ისევ ვთვლი, რომ ბუნდესლიგა ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. წინა სასეზონო მომზადების დროს ამხანაგურ შეხვედრებში გერმანული გუნდები ესპანელებს და იტალიელებს ამარცხებდნენ. რა თქმა უნდა, უმრავლესობა ამბობს, რომ ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები უკეთესები არიან, მაგრამ მე ბუნდესლიგას ძლიერ ჩემპიონატად მაინც ვთვლი. საყურებლად საინტერესოა, ტრიბუნებზე ყოველთვის ბევრი გულშემატკივარი ქომაგობს. საინტერესო ჩემპიონატია და მის მოსაგებად გუნდმა ყველა ძალები უნდა მოიხმაროს. მარტივი საქმე არ არის, როგორც სხვები ფიქრობენ. ამ სეზონში ისევ ბრძოლა გველის".

პრესაში როგორი სათაურების ხილვა გსურთ 9 თვის შემდეგ სეზონის ბოლოს?
"კარგი კითხვაა (იცინის). მაგალითად ესეთი: "ბაიერნის მშვენიერი სეზონი". ყველაფერი მოიგეს, რაც შეიძლებოდა. მშვენიერი ფეხბურთის წყალობით ყველა მეტოქე დაამარცხეს".


22-08-2018