სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ არიენ რობენთან

არიენ, ზაფხულში, 10 ჩატარებული სეზონის შემდეგ, ბაიერნის დატოვებას გეგმავთ. ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?
"რა თქმა უნდა, საკუთარ მომავალზე ბევრს ვფიქრობდი. წინა წელს იგივე სიტუაცია იყო, როდესაც კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გავახანგრძლივე. ახლაც ამ საკითხს დავუბრუნდით და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. გასული 10 წელი მშვენიერ პერიოდს წარმოადგენდნენ. ზაფხულში 35 წლის გავხდები და ვთვლი, რომ ჩემი გადაწყვეტილება მე და კლუბსაც წაადგება. ეს გადაწყვეტილება ინტუიციამ მიკარნახა. კლუბში თავს ისევ ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ მომენტი დგება, როდესაც ხვდები, რომ საკმარისია".

მაგრამ კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავთ, ხომ?
"ჯერ არ გადამიწყვეტია. ყველაფერია შესაძლებელი. აქედან გამომდინარე ბაიერნის წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაზიარებისთვის სწორი მომენტი დადგა. ეს საკითხი კითხვებს უკვე არ ბადებს და ყველასთვის ცნობილია, რომ გუნდში ჩემთვის უკანასკნელი სეზონი იქნება. მომავალზე ფიქრისთვის და მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად საკმაოდ დრო მქონდა. კარიერის დასრულებასაც არ გამოვრიცხავ. მაგრამ შეიძლება სხვა კლუბშიც ვითამაშო, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კარგ და საინტერესო შემოთავაზებას მივიღებ".

წინა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი გაიფორმეთ. მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებით. ღირს თუ არა კარიერის დასრულება?
"კმაყოფილი ვარ იმით, რომ 34 წლის ასაკში ვინგერის პოზიციაზე უმაღლეს დონეზე თამაში ისევ შემიძლია. ჩემში განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს და ამით ბედნიერი ვარ".

ბაიერნში თითქმის 10 წელია თამაშობთ. რას ნიშნავს თქვენთვის კლუბი და ქალაქი?
"ძალიან ბევრს ნიშნავს. იგივეს თქმა ჩემს ოჯახზე შემიძლია. 10 წელი ძალიან დიდი პერიოდია. ორი შვილი აქ დამებადა. კლუბის მიმართ მადლობელი ვარ. ქალაქისგან, უბრალო ადამიანებისგან, გულშემატკივრებისგან ყოველთვის თანადგომას ვგრძნობდი. ბედნიერი ვარ, რომ კლუბის ნაწილი გავხდი და მის წარმატებებში წვლილი შევიტანე".

ფრანკ რიბერისთან ერთად მთელი ეპოქის განსახიერება გახდით. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელები კომანი და გნაბრი ანალოგიური წარმატებების მიღწევას?
"ამის დიდი იმედი მაქვს. წინ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან ნიჭიერები არიან. ნიჭიერი ფეხბურთელები სხვა პოზიციებზეც გვყავს. იმედია, რომ ბაიერნი განვითარებას განაგრძობს. სერჟი და კინგზლი ძალიან კარგი ბიჭები არიან. მათ პროგრესირება სურთ. ორივე მშვენიერი ხასიათის პატრონია. მათ სიამოვნებით ვაკვირდები. იმედი მაქვს, რომ პროგრესს განიცდიან და გუნდში მოწინავე პოზიციებზე გადავლენ".

რას ურჩევდით ორივეს?
"ყოველდღიურად გვერდი გვერდ ვშრომობთ. საჭიროების შემთხვევაში რჩევებს ვაძლევთ. მაგრამ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვან როლს გამოცდილება თამაშობს. მე მათ გამოცდილების დაგროვებას, ბევრ შრომას ვურჩევდი. ასევე მიღწეულზე არ უნდა გაჩერდნენ. ყოველთვის გაუმჯობესება მმართებთ და გუნდის სამსახურში უნდა იყვნენ".

რა მიზნები გაქვთ ბაიერნის რიგებში უკანასკნელ სეზონში?
"ამაზე ფიქრი ოდნავ უცნაურია. წასვლაზე უკვე ვფიქრობ, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს. მოხარული ვარ იმით, რომ ტოპ-დონის შეხვედრაში ბენფიკის წინააღმდეგ ტოპ-დონის თამაშის დემონსტრირება შევძელი. ასე გაგრძელება მსურს. იმედი მაქვს, რომ გადამწყვეტ როლს ბოლო მატჩამდე შევასრულებ და ამით გუნდს დავეხმარები. კიდევ მინიმუმ ერთი ტიტულის მოგება ჩემთვის მიზანი იქნება".


04-12-2018