სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფაქტები და რეკორდები მოგებული ფინალის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბაიერნი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ტიტულის მოპოვების გზაზე ყველა მატჩი მოიგო. რეკორდული სერია - 11 შეხვედრას შეადგენს.

ბაიერნი ბარსელონას შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელსაც ორი ტრიპლეტი აქვს შესრულებული (2013 და 2020 წლებში). მიუნხენელებს ევროთასების ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში უკვე 6 გამარჯვება დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით რეკორდმაისტერი ლივერპულს გაუტოლდა. უფრო მეტი ტიტული მხოლოდ რეალს (13) და მილანს (7) აქვთ.

ბაიერნისთვის კომანის გოლი პსჟ-ს კარებში საიუბილეო 500-ე გახდა. ფრანგი კურიოზული რეკორდის მფლობელი გახდა. კომანს მაისურზე ყველაზე დიდი ნომერი აქვს (29) იმ ფეხბურთელებს შორის, ვისაც ფინალში ბურთი ჰქონდათ გატანილი. წინა რეკორდი თომას მიულერს ეკუთვნოდა (25).

გასულ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბაიერნს 43 გატანილი ბურთი აქვს. ეს მაჩვენებელი 18 გოლით მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ პსჟ-ს აქვს (25). ბაიერნელები საშუალოდ ერთ მატჩში 3,9 გოლს იტანდნენ, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

რეკორდმაისტერის წარმატებაში დიდი წვლილი შეტანილი ლევანდოვსკის (15 გოლი) და გნაბრის (9) აქვთ. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბაიერნის დუეტი ყველაზე სახიფათოა. ლევანდოვსკის და გნაბრის მხოლოდ ერთი ბურთით ნაკლები აქვთ გატანილი, ვიდრე მთელ პსჟ-ს.

ბაიერნი უკვე 30 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (29 გამარჯვება და ფრე). გუნდმა ზედიზედ 21 გამარჯვება მოიპოვა. უკანასკნელი მაჩვენებელი გერმანული ფეხბურთის რეკორდია.

ჰანზი ფლიქს ბაიერნის მწვრთნელის პოსტზე 10 თვეც არ გაუტარებია, მაგრამ ტრიპლეტის შესრულება მოახერხა. ფლიქი მეექვსე მწვრთნელია, ფერგიუსონის, გუარდიოლას, მოურინიოს, ჰაინკესის და ლუის ენრიკეს შემდეგ, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია.

ერთ თვეში ბაიერნს მომდევნო ტიტულის მოგება შეუძლია. 24 სექტემბერს ბუდაპეშტში რეკორდმაისტერი ევროპის სუპერთასის ფარგლებში სევილიას დაუპირისპირდება.

თომას მიულერისთვის ფინალი პსჟ-ს წინააღმდეგ უკვე მეოთხე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ბაიერნელი თავის ყოფილ თანაგუნდელს ტონი კროოსს გაუტოლდა.


24-08-2020