სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ კოკო ტოლისოსთან

კორენტენ, ორშაბათს ლოს ანჟელესში ჩამოხვედით. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
"ჯერ ყველაფერი შესანიშნავია. მშვენიერ სასტუმროში გავჩერდით, სავარჯიშო მოედანიც უმაღლესი დონის არის. პირველ ვარჯიშებზე მნიშვნელოვან ამოცანად ფეხებში სიმძიმეს მოცილება იყო. მომდევნო დღეებში უფრო დაძაბული ვარჯიშების მოლოდინში ვართ".

რა ატმოსფეროს ელოდებით Audi Summer Tour-ის განმავლობაში? სასტუმროსთან უამრავი გულშემატკივარი იკრიბება.
"ბაიერნის გულშემატკივრების ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა. ბაიერნი ძალიან დიდი კლუბია, გულშემატკივრები მსოფლიოს ყველა კუთხეში გვყავს. ჩინეთში, ყატარში და აქ აშშ-ში - ბაიერნის შესახებ ყველამ იცის. ვფიქრობ, რომ აქაც ძალიან აქტიურად გვქომაგობენ".

ლუკა ერნანდეზის და ბენჟამენ პავარის სახით ბაიერნში ახლა ნაკრების კიდევ ორი თქვენი მეგობარი ითამაშებს, რომლებთანაც ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდით. ხშირად იხსენებთ რუსეთში ტრიუმფს?
"სხვა დარჩენილ 20 ფეხბურთელთან ერთად, რომლებთანაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ერთი ოჯახივით ვართ. მაგრამ იმ გამარჯვების შესახებ ხშირად არ ვსაუბრობთ. ახლა ბაიერნში ვიმყოფებით, რომლის რიგებში ტიტულების მოპოვება გვსურს".

გაგიჭირდათ მიუნხენში მათი გადაბირება?
"რთული სულაც არ იყო. მათი გადასვლის წინ ორივეს გავესაუბრე. მათ კლუბის ორგანიზაცია, სტრუქტურა და ასევე გუნდში არსებული ატმოსფერო აინტერესებდათ. მე ვუთხარი, რომ ბედნიერები იქნებიან. შემადგენლობაში ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვყავს. ვარჯიშებზე ყველამ საკუთარი ამოცანა იცის, მაქსიმუმზე იხარჯება. რა თქმა უნდა, ბაიერნში გადასვლა ვურჩიე. დიდი კლუბია".

რა დახასიათებას მისცემდით ორივეს?
"ლუკა ოდნავ შეშლილია. ყოველთვის მხიარულია, სულ იცინის. როდესაც მინდორზეა, მის თამაშს - სიტყვა wow-ს შევადარებდი! ნამდვილი მებრძოლია, ბრძოლას ყველა ძალას უთმობს. ბენჟამენი უფრო მშვიდია, მაგრამ ისიც ძალიან ბეჯითად შრომობს. ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. ორივე მოთამაშე გუნდს კლასს შემატებენ".

როგორ აფასებთ გუნდში საკუთარ როლს? თამაში რომელ პოზიციაზე გსურთ? საყრდენი ნახევარმცველის, ცენტრალურის თუ 10-ანის პოზიციაზე?
"(იცინის) 10-ანის ფუნქციებს ლიონში ვასრულებდი, როდესაც დაცვიდან ვთამაშობდით. საერთო ჯამში უპირატესობას ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციას ვანიჭებ, რადგანაც საჯარიმოდან საჯარიმომდე ვმოქმედებ. თამაში საყრდენის პოზიციაზეც მომწონს, რადგანაც ბურთს ხშირად ვეხები, შეტევების ორგანიზაციაშიც მონაწილეობას ვღებულობ. მაგრამ ამ პოზიციაზე თამაშისას ბურთს ვერ გაიტან და გატანა მიყვარს. გუნდის წარმატებებში გადამწყვეტი წვლილის შეტანა მომწონს. შესაბამისად, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე გამოსვლა უფრო მიყვარს".

რა შეუძლია გუნდს მომდევნო სეზონში?
"ყველაფერი! ბუნდესლიგის და თასის მოგება გვსურს. ჩვენთვის ცნობილია, რომ გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდათ. ნორმალური მოვლენაა, რადგანაც უკანასკნელად გუნდმა ეს ჯილდო 6 წლის წინ მოიპოვა. გუნდი გვყავს, რომელსაც დიდ მატჩებში ტიტულების მოპოვება შეუძლია".

რას ელოდებით მომდევნო სეზონისგან პირადად თქვენ?
"იმედი მაქვს, რომ მომდევნო წელი უფრო კარგი გამოვა, ვიდრე წარსული იყო. პირველ რიგში მსურს, რომ ტრავმები არ მივიღო. რაც შეიძლება მეტი მატჩის ჩატარება მსურს. გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მინდა ვიქცე. რაც შეიძლება მეტი შედეგიანი გადაცემის შესრულება და ბურთის გატანა მსურს. თითქმის სრული სეზონი გამიცდა და აქედან გამომდინარე, ბეჯითად შრომა მმართებს".

ბაიერნში თქვენთვის მესამე სეზონი იქნება. ბედნიერი ხართ აქ?
"კი, რა თქმა უნდა. მიუნხენი მიყვარს. კლუბი და ქალაქიც მშვენიერია. ჩემი მეგობარი გოგონა აქ თავს კომფორტულად გრძნობს. გუნდში ყველასთან კარგი დამოკიდებულება გამაჩნია. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, ოღონდა გერმანული ენის გაუმჯობესება მმართებს. რთული ენაა. საკუთარ მასწავლებელთან ბევრს ვმეცადინეობ".


18-07-2019