სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ბერლინში happy end-ი იზეიმა

"ბაიერნი წარმატებას დიდი პომპეზურობით იზეიმებს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა გერმანიის თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც რეკორდმაისტერმა ლაიპციგი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. "რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ. მომდევნო საათებს ნათესავების და მეგობრების წრეში გავატარებთ", წვეულების წინ აღნიშნა ხორვატმა.

"უკან მშვენიერი კვირა ჩამოვიტოვეთ. ჯერ ვერცხლის სინი მოვიპოვეთ, ახლა კი გერმანიის თასის მფლობელები გავხდით. მოპოვებული დუბლით და სეზონის შედეგებით 100%-ით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. გუნდს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც წარმატებაში წვლილი შეიტანეს მთელი გულით ვულოცავ. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი მშვენივრად შეასრულა. მსოფლიო დონის სამი გოლი შევაგდეთ", განაცხადა სტუმრების წინაშე კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"დღეს ბოლომდე დავიხარჯეთ. ბიჭებს წარმატებას ვულოცავ. გამარჯვება უამრავი ემოციის ფონზე მოვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტიტული მოვიგეთ, ეს თასი მაინც განსაკუთრებული იქნება. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ სამი დიდი ფეხბურთელი გვტოვებს. სეზონის განმავლობაში რთული პერიოდები გვქონდა. მაგრამ წარმატებების გზას მაინც დავუბრუნდით. დიდი ნებისყოფა გამოვაჩინეთ", აღნიშნა თომას მიულერმა.

"მატჩის წინ მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა დასახული - გერმანიის თასის მოპოვება", განაცხადა დუბლის ავტორმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სამართლიანად დაასახელეს. "ესეთ ფინალში თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ის რასაც ერთობლივი ძალებით მივაღწიეთ სიცოცხლეს ბოლომდე დაგვრჩება. მშვენიერი 12 წელი მქონდა", თქვა ემოციების თანხლებით რიბერიმ.

ნიკო კოვაჩის განკარგულებით გუნდი წარმატებას დილამდე ზეიმობდა. "ბიჭებმა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს. ყველაფერი happy end-ით დასრულდა. სეზონი დაძაბული გამოდგა. ახლა 2-3 კვირის განმავლობაში ყველაფრის გადახარშვა მოგვიწევს", დაასრულა კოვაჩმა.


27-05-2019