სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გასული ჩემპიონატის მიმოხილვა

წარმოუდგენელი ფინალი იყო! შაბათს ალიანც არენაზე ბაიერნელები საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ჩემპიონები ზედიზედ მეშვიდედ გახდნენ. "გუნდს და გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. ერთობლივად დიდ წარმატებას მივაღწიეთ", თქვა კოვაჩმა. "ჩემპიონები დამსახურებლად გავხდით. ამით ამაყები ვართ", დაამატა ნოიერმა.

88 გოლით აქტივში ბაიერნი ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდა. რობერტ ლევანდოვსკიმ (22 გოლი) საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო მეოთხედ მოიგო. გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი იოზუა კიმიხმა შეიტანა, ჩემპიონატის საუკეთესო დისპეტჩერმა 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მარჯვენა მცველს არც ერთი სათამაშო წუთი არ გამოუტოვებია. ბოლოს იგივეს ფილიპ ლამმა 2009/10 და 2010/11 სეზონებში მიაღწია.

შესაბამისად, ბაიერნმა სეზონი მწვერვალზე დაასრულა. მაგრამ ტიტულის გზა მარტივი არ იყო. "ძალიან დინამიური სეზონი იყო", აღნიშნა თომას მიულერმა. ჩემპიონატის დასაწყისი მშვენიერი იყო. გუნდმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი ოთხი მატჩი მოიგო, რაც მოლოდინებს გადააჭარბა.

მაგრამ შემდეგ ალიანც არენაზე მიუნხენელებმა აუგსბურგთან ფრე ითამაშეს, არადა 1:0 წინ იყვნენ. ამის შემდეგ გუნდს ჩავარდნა დაეწყო. ორი მარცხის შემდეგ, ბავარიელებმა ორი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, მაგრამ ჩემპიონატის პირველი კვირების დომინირების დაბრუნება ვერ შეძლეს. ისევ სამმატჩიანი უიღბლო სერია ვიხილეთ, მაგრამ კულმინაცია დიუსელდორფთან შეხვედრა იყო, რომელიც ანგარიშით 3:3 დასრულდა. "ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ, მაგრამ შემდგომში 1,5 თვის განმავლობაში ჩავარდნა გვქონდა", განაცხადა კოვაჩმა.

სატურნირო ცხრილში ბაიერნი მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა. დორტმუნდი ცხრილის სათავეში ჩადგა. "9 ქულით ჩამორჩენა სერიოზული ფაქტი იყო", აღიარა სერჟ გნაბრიმ. მაგრამ გუნდმა საკუთარ ძალებში რწმენა არ დაკარგა. "ბოლომდე დავიხარჯეთ. ის ყველაფერი, რაც შემდგომში შევძელით დასაფასებელია", შეაქო შეგირდები კოვაჩმა, რომლებმაც ზამთრის შესვენებამდე ყველა მატჩი მოიგეს. ჩემპიონატის დასრულებამდე მიუნხელებმა 22 მატჩიდან 18 მოიგეს (3 ფრე და მარცხი). "ესეთი რეაქციის გამოვლინება მხოლოდ ნამდვილ ჩემპიონებს შეუძლიათ", აღნიშნა კოვაჩმა.

დორტმუნდისგან ჩამორჩენა ნელ-ნელა მცირდებოდა, და აი 25-ე ტურში ბაიერნი, პირველად სეზონის დასაწყისიდან, პირველ ადგილს დაუბრუნდა. შემდგომი კვირები თრილერს გვაგონებდნენ. ლიდერები სტაბილურად ადგილებს ცვლიდნენ. ყველა ამ გუნდების დაპირისპირებას ელოდა, რომელიც 28-ე ტურში შედგა. მიუნხენში დორტმუნდი ლიდერის სტატუსში ჩავიდა, მაგრამ ანგარიშით 5:0 განადგურდა. "ბაიერნმა ჩამორჩენის ლიკვიდაცია წარმოუდგენელი ნებისყოფის ხარჯზე შეძლო. დორტმუნდის წინააღმდეგ შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბურთების შეფარდების შეცვლა ჩვენს სასარგებლოდ შევძელით", განაცხადა ული ჰიონესმა.

ამის შემდეგ ბაიერნი პირველ ადგილს არ ტოვებდა, მაგრამ ჩემპიონობის ბედი მაინც ბოლო ტურში გადაწყდა. "ეს ჩემპიონობა ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგანაც პირველად შობის დღესასწაულამდე ჩემპიონობისგან ძალიან შორს ვიმყოფებოდით", აღნიშნა ჰიონესმა. "დორტმუნდთან ჭიდილი შესანიშნავი იყო. ორივე გუნდს საუკეთესო თამაშის დემონსტრირება და მეტოქის გადასწრება სურდათ", დაასრულა ჰასან სალიჰამიჯიჩმა


21-05-2019