სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი გამარჯვებების სერიას განაგრძობს

დიუსელდორფში მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნიკო კოვაჩმა პირველ რიგში მეტოქეს მიულოცა. 6 ტურით ადრე ფორტუნამ ბუნდესლიგაში მომდევნო სეზონში დარჩენის ამოცანა გადაწყვიტა. წინა წელს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობდა. "მეტოქეს დიდი კომპლიმენტი. დარჩენილ 5 ტურში ყველაფერი შესაძლებელია. იქნებ მცირე დახმარებაც გაგვიწიოთ", განაცხადა კოვაჩმა ღიმილით.

ამ სიტყვებში ხორვატმა სპეციალისტმა მინიშნება 33-ე ტურზე გააკეთა, რომელშიც ფორტუნა დორტმუნდს დაუპირისპირდება. თავის მხრივ, რეკორმაისტერის რიგებში სავარაუდო განლაგებების დათვლას ან სხვა გუნდების დახმარებას არ ელოდებიან.

"სატურნირო ცხრილის სათავეში ვიმყოფებით. პირველ ადგილზე დარჩენას ვაპირებთ", განაცხადა ბაიერნის მწვრთნელმა. ამ მომენტისთვის მიუნხენელები დორტმუნდს ერთი ქულით უსწრებენ და დარჩენილ ტურებში მოგებების შემთხვევაში ჩემპიონები გახდებიან. "უბრალოდ დასახული ამოცანები უნდა გადავჭრათ", განაცხადა ნიკლას ზულემ. რობერტ ლევანდოვსკიმ თავის მხრივ თქვა, რომ გუნდში დიუსელდორფთან მოგების ეჭვი არავის ქონდა.

"მატჩში ვდომინირებდით", აღნიშნა კოვაჩმა. შესვენებამდე კომანმა დუბლი გაიფორმა (მე-15 და 41-ე წუთებზე). "პირველივე წუთებიდან მატჩში ჩავერთეთ", აღნიშნა თომას მიულერმა. მეორე ტაიმის დასაწყისში სერჟ გნაბრიმ ანგარიში 3:0-მდე გაზარდა, რომელიც დასკვნითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატჩის მიწურულს არბიტრმა ფელიქს ცვაიერმა ბაიერნის კარებში პენალტი დანიშნა. დოდი ლუკებაკიომ 11-მეტრიანი დარტყმა გამოიყენა. კომპენსირებულ დროში კი ლეონ გორეცკამ მეოთხე ბურთი გაიტანა - 4:1.

"პენალტის დანიშვნა ალბათ ბევრ კამათს გამოიწვევს. დანარჩენში კარგი თამაში ვაჩვენეთ. მეტოქეს შესაძლებლობების შექმნა თითქმის არ მივეცით. გუნდისგან ზუსტად ამას ვითხოვ", თქვა კოვაჩმა. ესეთი განწყობის დემონსტრირება ბაიერნი დარჩენილ შეხვედრებშიც ეცდება, მაგრამ სამწვრთნელო შტაბს იძულებითი ცვლილებების მოხდენა მოუწევს. ფორტუნასთან შეხვედრაში კაპიტანმა ტრავმა მიიღო. ნოიერი 14 დღეს გამოტოვებს.

ნიკო კოვაჩმა აღნიშნა, რომ ნოიერის შემცვლელს ულრაიხს "100%-ით ენდობა". მიმდინარე სეზონის 2 შეხვედრა მან კარგად ჩაატარა. "შემადგენლობაში 2 უმაღლესი დონის მეკარე გვყავს", განაცხადა ზულემ. ცენტრალური მცველი ასევე თვლის, რომ ულრაიხი ნოიერის არყოფნას კომპენსირებას შეძლებს. ბაიერნელებს საჩემპიონო გეზის შენარჩუნება ძალიან სურთ. "ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. წინ მატჩიდან მატჩამდე უნდა მივიწიოთ. გუნდის წინაშე ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგების ამოცანა დგას", დაასრულა მიულერმა.


15-04-2019