სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ული ჰიონესთან, ნაწილი II

ფეხბურთში ხელმძღვანელების ახალი თაობა მოვიდა: ჰასან სალიჰამიჯიჩი, თომას ჰიტცლსპერგერი, სებასტიან კელი, ზიმონ როლფესი, ახლო მომავალში, მათ ოლივერ კანიც შეუერთდება. როგორ შეაფასებდით ამ ესტაფეტის გადაცემას?
"საინტერესო პროცესია, რადგანაც ფეხბურთში ამ მიმართულებით დიდი ხნის განმავლობაში ცვლილებები არ შეინიშნებოდა. მოხარული ვარ იმით, რომ ისეთი ადამიანების ჩართვა შევძელით, რომლებიც საზოგადოების აზრზე გავლენას ახდენენ. ჰასანის და ოლივერ გარდა, ლოთარ მათეუსის, შტეფან ეფენბერგის, მეჰმეტ შოლის და დიტმარ ჰამანის ხსენებაც შეიძლება. ყველა მათგანმა ბაიერნში ბევრი რამ ისწავლეს, რადგანაც კლუბში ყოველთვის აზრების გაცვლა მიმდინარეობს, კამათის კულტურასაც ვანვითარებთ. ფილიპ ლამმა საკუთარი გზით წასვლა ირჩია. მსოფლიოში თავისი ადგილი ბასტიან შვაინშტაიგერმაც მოიპოვა. ამაყი ვარ იმით, რომ არა მხოლოდ კარგ ფეხბურთელებს ვზრდით, არამედ ადამიანებს, რომლებსაც მსოფლიოში მყარი პოზიცია უკავიათ".

დარჩება ზებენერ შტრასეზე ოჯახის გრძნობა, თუ ეს ეპოქა ცოტა ხანში წარსულს ჩაბარდება?
"ამის შესახებ ჰასანს მუდმივად ვესაუბრები. სოციალური კომპეტენციის უმაღლეს დონეს ფლობს, ყოველთვის სიახლეების შესწავლას ცდილობს. კანისაც მჯერა. ეს ის არის, რაც არც ერთ უნივერსიტეტში ვერ ისწავლი. პიროვნების ხასიათის ელემენტია. მე მაგალითად, ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომლის დროს საკუთარი ცოდნის გაზიარებას ვცდილობ. გამიმართლა, რომ ოჯახის წრეში ყველა პრობლემის დავიწყება შემეძლო. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბი ერთი დიდი ოჯახივით იყოს. დღევანდელი დღის ჩათვლით ბაიერნი გაჭირვებულის დასახმარებლად სრულ მზადყოფნაში იმყოფება".

რაღაც დროის განმავლობაში მეჰმეტ შოლი თქვენთან ცხოვრობდა. საჭიროების შემთხვევაში ფრანკ რიბერის თუ ექნება იგივეს გამეორების შესაძლებლობა?
"დიდი სახლის პატრონი ვარ. უამრავი ადამიანი დაეტევა. იუპ ჰაინკესისთვის ყოველთვის თავისუფალი ოთახი მაქვს. მიუნხენში ბინას ვფლობ, რომელიც სტუმრების მისაღებად ყოველთვის მზად არის".

შოლი, რიბერი, შვაინშტაიგერი - მოგწონთ მხიარული ფეხბურთელები?
"ამ ბიჭებს იუმორის კარგი გრძნობა გააჩნიათ. ადამიანებთან კავშირის დამყარება შეუძლიათ. ამას ჰარვარდში ვერ ისწავლი. ეს გრძნობა ან გაქვს, ან არ გაქვს. თავის მხრივ, თუ ღამის ორ საათზე ფეხბურთელი მირეკავს რაღაც პრობლემის მოგვარების დასახმარებლად მე მას არ ვეუბნები "რა?" ან "რატომ?", მე ვეკითხები "სად ხარ?".

ყველაზე დიდ პრობლემას ალბათ სებასტიან დაისლერის დეპრესია წარმოადგენდა.
"დიახ. ჩემთვის ერთ-ერთი ურთულესი სიტუაცია იყო. ძალიან კარგად მახსოვს, დუბაიში სავარჯიშო შეკრებაზე ვიმყოფებოდით. ყოველდღიურად 22.30 წუთზე მობილურ ტელეფონზე სებასტიან დაისლერი მირეკავდა და მეუბნებოდა "ბატონო ჰიონესს, მეტი არ შემიძლია". ღამეების განმავლობაში ძალიან ბევრს ვსაუბრობდით. ერთხელ ჩემ ნომერში დივანზე დაიძინა. მეორე დღეს ძალიან კარგად ივარჯიშა, მეგონა, რომ ყველაფერი დალაგდა, მაგრამ შემდეგ დილას კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. უძლურობა ვიგრძენი, განადგურებული ვიყავი. დახმარების გაწევისთვის ყოველთვის მზად ვარ, სრული ძალებით ვიხარჯები. მაგრამ, როდესაც ეს საკმარისი არ არის, ორმაგ ტკივილს ვგრძნობ. მასზე ყოველთვის ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად აქვს. ფეხბურთთან ყველა კავშირი გაწყვიტა".

თვლიან, რომ ტრანსფერების გაჩარხვის დროს შეუპოვარი ადამიანი ხართ. მოყევით ყველაზე შეშლილ მოლაპარაკებებზე, რომლებშიც მონაწილეობა მიგიღიათ.
"რამდენიმე საინტერესო ნამდვილად იყო. პირველი შემთხვევა როკე სანტა კრუსის შეძენის დროს მოხდა. მაშინ მე და კარლ ჰაინც რუმენიგე კლუბის პრეზიდენტის მისაღებში კიდევ 25 ადამიანთან ერთად ვიჯექით. ჩვენი შემოთავაზე 10 მლნ. მარკას წარმოადგენდა, მაგრამ პრეზიდენტს დოლარების მიღება სურდა. ჩვენ უკვე გარეთ ტაქსის მოლოდინში ვიყავით, მაგრამ პრეზიდენტმა მისაღებში დაგვიძახა. საბოლოოდ. როდესაც შეთანხმებას მივაღწიეთ, ოთახში 30-40 ჟურნალისტი კამერებით შეაღწია. წარმოუდგენელი უწესრიგობა სუფევდა. მეორე შემთხვევა ადოლფო ვალენსიასთან იყო დაკავშირებული. მოლაპარაკებები მადრიდში დაიწყო, მაგრამ ოტობრუნოში დასრულდა. მადრიდში 24 საათის განმავლობაში ყოფნის დროს, მიუნხენში უნდა ჩავსულიყავით. მაშინ მეორე მხარემ გვითხრა: "ჩვენ თქვენთან ერთად გავემგზავრებით!". სანამ მოლაპარაკებებში საერთო ენა მოვნახეთ 5-6 კაცი 3 დღის განმავლობაში ჩემთან სახლში ცხოვრობდა".

40 წლის განმავლობაში თქვენთვის საუკეთესო პერიოდი?
"როდესაც ჰარმონია სუფევს, ბევრი ძალისხმევა საჭირო არ არის. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი პეპ გუარდიოლასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი ნახევარი წელი იყო. იუპს სურდა დაემტკიცა, რომ იდიოტები ვართ. მაშინ დიდი ხნის განმავლობაში ჩემთან დისტანციას იჭერდა. სიამოვნებას ვღებულობდი როდესაც ვხედავდი, გუნდთან როგორ მუშაობდა. მაშინ კოსმიურ ფეხბურთს ვთამაშობდით. ადამიანური და სპორტული თვალსაზრისით მშვენიერი იყო. უბრალოდ ზღაპრული".


31-03-2019