სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი: ტური მშვენივრად განვითარდა

მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვეს. სატურნირო ცხრილის ლიდერს გაუტოლდნენ და ახალი რეკორდი დაამყარეს - ამ ყველაფერს ბაიერნმა შაბათს საღამოს გლადბახთან შეხვედრაში (5:1) მიაღწია. ამ ყველაფერთან ერთად გუნდმა 4000-ე გოლი შეაგდო.

მატჩის შემდეგ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ნიკო კოვაჩს და მის ფეხბურთელებს "დიდი კომპლიმენტი" გაუკეთა: "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ბევრი მომენტი შექმნა და მეტოქეს ცოტა რამის შესაძლებობა მისცა. გლადბახში ანგარიშით 5:1-ით გამარჯვება იშვიათობაა", განაცხადა რუმენიგემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც ბაიერნმა მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

ნიკო კოვაჩი თავისი შეგირდების თამაშით ასევე "ძალიან კმაყოფილი" დარჩა. "მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. 90 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად ვთამაშობდით. რა თქმა უნდა არ ვფიქრობდით, რომ გლადბახში ანგარიშით 5:1 გავიმარჯვებთ. სწორ გზას ვადგავართ. ლევერკუზენის გამოკლებით ბუნდესლიგის ბოლო ყველა შეხვედრა მოვიგეთ. გუნდისგან ზუსტად ამას ველოდები", აღნიშნა კოვაჩმა.

აუგსბურგში პარასკევს საღამოს დორტმუნდის მარცხის შემდეგ, მიუნხენელები საკუთარი შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოემზადნენ. "ძალიან კონცენტრირებული ვიყავით", თქვა მიულერმა. მატჩის დებიუტი ძალიან დინამიური გამოდგა. მეორე წუთზე ანგარიში მარტინეზმა გახსნა, მეათე წუთზე მიულერმა გააორმაგა. ზომერის შესანიშნავი თამაში რომ არა, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. რამდენიმე რეალური შანსის გამოუყენებლობის შემდეგ, 37-ე წუთზე ბაიერნმა გოლი გაუშვა. კონტრშეტევების შედეგად ბურთი ლარს შტინდლმა შეაგდო.

მაგრამ "ულაყებს" იმედები წარმატებული შედეგის მისაღწევად მეორე ტაიმის დებიუტშივე გაუჩინარდა, როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 3:1-მდე გაზარდა. "ორივე ტაიმის დასაწყისი ძალიან მძლავრად დავიწყეთ, რამაც გლადბახის ფეხბურთელები შოქში ჩააგდო", ახსნა კოვაჩმა. 75-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნის 4000-ე ბურთი გაიტანა. კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ პენალტი გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აქედან გამომდინარე მიუნხენელებმა გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელი 12 შეხვედრიდან 11 მოიგეს. "გასული ტური ჩვენთვის მშვენივრად განვითარდა", აღნიშნა მიულერმა.

ბაიერნმა დორტმუნდისგან 9 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო. აქედან 7 ქულის აღმოფხვრა რეკორდმაისტერმა უკანასკნელ 4 ტურში მოახერხა. 24 ტურის შემდეგ დორტმუნდი ბაიერნს მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს (+2). "მოხარულები ვართ, რომ ქულებით გავუტოლდით. მაგრამ ჯერჯერობით ისევ მეორე ადგილზე ვიმყოფებით. აქედან გამომდინარე წარმატებული სვლის გაგრძელება გვმართებს, როგორც ეს ბოლო დროის განმავლოვაში ვახერხებდით. ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ დასკვნითი ტურის შემდეგ პირველ ადგილს დავეუფლოთ", თქვა კაპიტანმა მანუელ ნოიერმა.

მშვენიერი შედეგის მიუხედავად ბაიერნის ბანაკში ეიფორია არ შეინიშნებოდა. "ახლა კარგ კონდიციებში ვიმყოფებით, მაგრამ ყველაფერი ნულიდან იწყება". "ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. 3-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოვახერხეთ, მეტი არაფერი. მომდევნო შაბათს წამოწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ", აღნიშნა რუმენიგემ.


04-03-2019