სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გუნდმა გენერალური რეპეტიცია წარმატებულად ჩაატარა

ახალწვეულმა Telekom Cup-ის თასი პირველმა აღმართა. კვირას საღამოს მანუელ ნოიერმა ამის გაკეთების უფლება ალფონსო დეივისს მისცა, რომელმაც რეკორდმაისტერის მაისურში დებიუტი იზეიმა. ფინალში, პენალტების სერიის დახმარებით, ბაიერნმა გლადბახი ანგარიშით 4:2 დაამარცხა. აქედან გამომდინარე, ბაიერნმა გენერალური რეპეტიცია წარმატებულად ჩაატარა და მეორე წრის სტარტს საკუთარ ძალებში რწმენით შეხვდება. შეგახსენებთ, რომ პარასკევს გასვლაზე გერმანიის ჩემპიონი ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება.

"სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე სავსებით კარგი შემოწმება ჩავატარეთ. წარმატების მიღწევა გვსურდა და ჩვენ ეს გამოგვივიდა", განაცხადა დავიდ ალაბამ. პენალტების ორივე სერიაში ბაიერნელებმა რკინის ნერვები გამოავლინეს. ნახევარფინალში დიუსელდორფის წინააღმდეგ და ფინალში გლადბახთან ძირითადი დროის შემდეგ საყაიმო ანგარიში 0:0 დაფიქსირდა. გამარჯვებული მხოლოდ პენალტების სერიით გამოვლინდა.

"საკუთარი დარტყმები კარგად შევასრულეთ", აღნიშნა იოზუა კიმიხმა. მან ასევე ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ გუნდმა "ორივე მატჩში გოლი არ მიიღო". მაგრამ ასევე დაამატა, რომ "ბურთის გატანაც ვერ შეძლო". ნიკო კოვაჩმა ჩატარებული ტურნირი დადებითად შეაფასა: "როდესაც მეტოქე თავს 45 წუთის განმავლობაში იცავს ბურთის გატანა არც ისე მარტივია". კოვაჩმა სათამაშო დრო ყველა ფეხბურთელს მისცა. გამონაკლისი მხოლოდ ხავი მარტინეზი აღმოჩნდა, რომელსაც კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. ორივე მატჩი ბაიერნმა სხვა და სხვა შემადგენლობით ჩაატარა.

"როგორც პირველში, ასევე მეორე შეხვედრაში რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ", თქვა 47 წლის სპეციალისტმა. მაგრამ მან დოჰაში ჩატარებული შეკრებიდან და Telekom Cup-ის გათამაშებიდან სწორი დასკვნები გამოიტანა: "უფრო შედეგიანები უნდა ვიყოთ. ამის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ პარასკევს ბურთს გავიტანთ". ჰოფენჰაიმთან მატჩამდე კოვაჩი 4 ვარჯიშს ჩაატარებს.

იოზუა კიმიხი, თავის მხრივ, ამხანაგურ შეხვედრებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. "პარასკევის მატჩი ჩვენს ახლანდელ დონეს გამოავლენს". მანუელ ნოიერი აუცილებლად "3 ქულის აღებას" ითხოვს. აქედან გამომდინარე, გუნდი სეზონის მეორე ნახევარში კარგი სტარტის აღებას ეცდება. "სეზონის მეორე ნახევარში ბევრი რამის მიღწევა გვსურს. ფინიშზე პირველი ადგილის მოპოვება გვმართებს", აღნიშნა დავიდ ალაბამ.


14-01-2019