საფეხბურთო კლუბ მიუნხენის ბაიერნის ისტორია

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი
დაარსების თარიღი: 27 თებერვალი, 1900 წელი
სტადიონი: ალიანც არენა
ფერები: წითელი-თეთრი
მისამართი: ზებენერ შტრასე 51, მიუნხენი 81547


ადრეული წლები (1900-1965)

მიუნხენში პირველი სპორტული კლუბი 1860 წელს დაარსდა. ის დღესაც არსებობს და მიუნხენ 1860-ის სახელით თამაშობს ქვედა ლიგებში. ბაიერნის დაარსება ფრანც იონისა და მისი მეგობრების სახელს უკავშირდება. პირველი თამაში ახალმა გუნდმა 1900 წლის 4 აპრილს გამართა MTV79-ის წინააღმდეგ და 7:1 იმარჯვა. მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ტეილორი იყო. კლუბში მაშინ ძირითადად სტუდენტები თამაშობდნენ. დებიუტი საერთაშორისო არენაზე წარუმატებელი გამოდგა - პრაღის დფკ-სთან ბაიერნმა 0:8 წააგო. ამის შემდეგ საკლუბო საწევრო 3 მარკიდან 40-მდე გაიზარდა, რამაც მიუნხენელებს საშუალება მისცა, 1903 წელს პირველი ლეგიონერი აეყვანათ. ეს იყო ჰოლანდიელი ვილემ ჰესელინკი. ის პარალელურად მწვრთნელიც გახლდათ. ამის გამო ბაიერნი არაპოპულარული გახდა. პირველ წარმატებას კლუბმა მხოლოდ 1925/26 წლების სეზონში მიაღწია, როცა სამხრეთ რეგიონალლიგაში გაიმარჯვა, მაგრამ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ლაიპციგის ფორტუნასთან წააგო.

ორი წლის მერე ბაიერნმა ისევ მოიგო სამხრეთის პირველობა, თუმცა ½-ფინალში კიდევ ერთხელ დამარცხდა. ამჯერად მომავალ ჩემპიონ ჰამბურგთან - 2:8. ამ ფორმაციის ბაიერნში ბრწყინავდა გერმანიის ნაკრების (14 მატჩი)თავდამსხმელი იოზეფ პიოტინგერი.

ბაიერნი პირველად ჩემპიონი 1932 წელს გახდა, როცა ფინალში ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ნახევარმცველი ლუდვიგ გოლდბრუნერი იყო, ასევე გამოირჩეოდნენ ჰარინგერი, ჰოფმანი, ბერგმაიერი, რორი და კრუმი. ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შემდეგ ბაიერნის პრეზიდენტი ლანდაუერი და მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დომბი ქვეყნიდან გაიქცნენ.

წამყვან პოზიციებზე ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კლუბი შალკე 04 გავიდა. ომის შემდეგ პირველი ტიტული ბაიერნმა 1957 წელს მოიგო - გერმანიის თასის ფინალში დიუსელდორფის ფორტუნა 1:0 დაამარცხა.

ოქროს ხანა (1963-1979)

1963 წელს შექმნილ ბუნდესლიგაში ბაიერნი ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა ვილჰელმ ნოიდეკერმა მთავარ მწვრთნელად იუგოსლაველი ზლატკო ჩაიკოვსკი მიიწვია, ვინც ერთი წლით ადრე კიოლნს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გუნდმა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოყალიბება. მასში უკვე ირიცხებოდნენ ფრანც ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი. 1964 წელს ბაიერნში მივიდა გერჰარდ მიულერი. 1965 წელს ბაიერნი ბუნდესლიგაში აღზევდა. მიუნხენელებმა სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს და გერმანიის თასი მოიგეს. წარმატებული გამოდგა ევროპული დებიუტიც. 1967 წლის 31 მაისს გუნდმა თასების თასის ფინალში რეინჯერსი 1:0 დაამარცხა. პირველი ევროპული გოლი ფრანც როტმა გაიტანა.

ჩაიკოვსკის ადგილას მალე მეორე იუგოსლაველი ბრანკო ზებეჩი დაინიშნა. 1969 წელს ბაიერნმა პირველი დუბლი შეასრულა - მოიგო რა ჩემპიონატი და თასი. გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა. თითქმის მთელი პირველი წრე გუნდმა 11 ფეხბურთელით ჩაატარა. ესენი იყვნენ: მაიერი, კუპფერშმიდტი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, პუმი, ოლკი, შტარეკი, როტი, ოლჰაუერი, მიულერი, ბრენინგერი.

ჩემპიონთა თასზე გუნდმა წარუმატებლად ითამაშა და სენტეტიენთან გამოვარდა. ახალ მთავარ მწვრთნელად უდო ლატეკი დაინიშნა. ლატეკმა გუნდში ული ჰიონესი და პაულ ბრაიტნერი მიიწვია. 1974 წელი ტრიმფალური აღმოჩნდა. ჩემპიონთა თასის ფინალში ატლეტიკოსთან დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ესპანელებმა ანგარიში გახსნეს. საფინალო სასტვენამდე 7 წამით ადრე გათანაბრება შორეული დარტყმით გეორგ შვარცენბეკმა შეძლო. გადათამაშება მეორე დღეს დაინიშნა, სადაც ბაიერნმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. სწორედ ბაიერნი იყო გერმანიი სყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების ხერხემალი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფინალში ორივე ბურთი ბაიერნელებმა გაიტანეს - პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა.

წარმატებებით გათამამებულმა ფეხბურთელებმა მეორე წელს ბუნდესლიგა სულ დაივიწყეს - შედეგად გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, მაგრამ ჩემპიონთა თასზე გუნდი მაინც დაუმარცხებელი იყო. ფინალი ლიდსთან 2:0 დასრულდა. ამ დროს გუნდთან დიტმარ კრამერი მუშაობდა. მან 1976 წელსაც შეძლო მიჯრით მესამედ ჩემპიონთა თასის მოგება. გადამწყვეტ მატჩში სენტ ეტიენი 1:0 დაამარცხა (გოლის ავტორი ფრანც როტი). კრამერს ბუნდესლიგაში კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი.

FC ჰოლივუდი (1979-1998)

80-იანები მთლიანად ქაოსის პერიოდი იყო. ბაიერნში ხშირად იცვლებოდნენ წამყვანი თანამდებობის პირები, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ მაინც მაღალ შედეგებს აჩვენებდა. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული პერიოდი უდო ლატეკის დაბრუნებას დაემთხვა. გუნდმა 6-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და 3-ჯერ თასი. ბაიერნმა ამ პერიოდში ორჯერ, 1982 და 1987 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალები დათმო, სადაც ჯერ ასტონ ვილასთან დამარცხდა (0:1) მერე პორტუსთან (1:2). 90-იანი წლების საწყისი პერიოდი წარუმატებელი იყო. გარდატეხა 1994 წელს მოხდა. გუნდში პრეზიდენტის რანგში ფრანც ბეკენბაუერი დაბრუნდა. ამავე წელს მოახერხა გუნდმა ბუნდესლიგის მოგებაც. ბაიერნს სათავეში ჯერ ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა, შემდეგ ოტო რეჰაგელი, მაგრამ სახელოვანმა მწვრთნელებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. 1996 წლის გაზაფხულზე კაიზერ ფრანცმა თანამდებობიდან დაითხოვა მეფე ოტო, გუნდს თავად ჩაუდგა სათავეში და უეფას თასი მოაგებინა. ამ გუნდში მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინავდა იურგენ კლინსმანი, ვინც 15 გოლი გაიტანა.

აღორძინების ეპოქა 1998-დან დღემდე

1998 წლიდან ბაიერნში ოტმარ ჰიტცფელდის ეპოქა დაიწყო. 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონის კამპ ნოუზე გუნდმა ყველა დროის ყველაზე დრამატულ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წააგო - 1:2. 2001 წელს ბაიერნმა 25-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ევროპული საკლუბო ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება. ვალენსიასთან დაძაბულ ფინალში ძირითადი და დამატებითი დროის 1:1-ის დასრულების შემდეგ ოლივერ კანმა ესპანელებს სამი პენალტი აუღო. 2005 და 2006 წლებში ფელიქს მაგათის თავკაცობით გუნდმა ზედიზედ ორჯერ შეასრულა დუბლი, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში გუნდი წარუმატებლად გამოდიოდა, რის გამოც მაგათს კარისკენ მიუთითეს და ოტმარ ჰიტცფელდი დააბრუნეს. პროფესორმა 2008 წელს ბაიერნი საჩემპიონო ტრიუმფამდე ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მიიყვანა. მიუნხენელებმა თასზეც იმარჯვეს, დაამარცხეს რა დორტმუნდის ბორუსია 3:2. ფინალის გმირი ლუკა ტონი გახდა. იტალიელმა დუბლი შეასრულა.

2008 წელს გუნდში იურგენ კლინსმანი დაინიშნა. ნაკრებში იოახიმ ლიოვის გვერდით წარმატებული მუშაობის შემდეგ მარტოდ დარჩენილმა კლინსიმ სეზონი პირწმინდად ჩააგდო და გაზაფხულზე მის ნაცვლად იუპ ჰაინკესი დაინიშნა. ძალიან არა დამაჯერებელი იყო ოლივერ კანის მემკვიდრე მიხაელ რენზინგი, ვის ნაცვლადაც პირველი ნომრობა სეზონის მიწურულს ჰანს იორგ ბუტმა გადაიბარა. 2009 წელს გუნდში ჰოლანდიელი ლუის ვანგაალი დაინიშნა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც ბაიერნმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეალიდან სასწრაფო წესით არიენ რობენი გადაიბირა. თამაში ერთბაშად გამოსწორდა. საბოლოოდ წითლებმა ჩემპიონატიც მოიგეს, გერმანიის თასიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ინტერთან პირწმინდად დამარცხდნენ - 0:2.

2010/11 სეზონი ბაიერნმა საშინლად დაიწყო. პირველ 7 ტურში გუნდმა 3 მარცხი იწვნია. სამაგიეროდ, ვადამდე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა ჩემპიონთა ლიგაში. სეზონის ბოლოს გუნდი მშრალზე დარჩა. დამარცხდა გერმანიის თასის ½-ფინალში შალკესთან, დათმო ბუნდესლიგის ტიტული დორტმუნდთან (მესამე ადგილზე გავიდა) და მოულოდნელად გამოვარდა ლიგის 1/8-ფინალში ინტერთან გასვლაზე 1:0-ის მოგების შემდეგ, მით უფრო, რომ შინ გუნდი 2:1-ს იგებდა.

2011/12 წლების სეზონში ბაიერნმა უკვე იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი მშრალი სეზონი ჩაატარა. პირველად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს გამოეთხოვა უშუალო კონკურენტ დორტმუნდთან ბრძოლაში, მერე იმავე ბორუსიასთან თასის ფინალშიც განადგურდა - 2:5. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბაიერნმა საშინაო სტადიონზე ჩელსისთან 1:1 დაამთავრა, მაგრამ პენალტების სერიაში ვერაფერი მოუხერხა.

სამაგიეროდ ჰაინკესის ხელმძღვანელობით ბაიერნმა 2012/13 წლების სეზონი ჩაატარა ტრიუმფალურად. გუნდმა პირველად ისტორიაში ე.წ. „ტრიპლი“ შეასრულა. მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფენომენალური შედეგი, რომელიც ბაიერნმა საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე აჩვენა. პლეი ოფის ეტაპზე იუპის ფეხბურთელებმა 7-დან 6 თამაში ძირითად დროში მოიგეს შთამბეჭდავი ბურთების სხვაობით 16:4-ზე. ფინალში გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე ფრანკ რიბერის გადაცემით არიენ რობენმა გაიტანა.

2013 წლის ზაფხულზე გუნდში ვეტერანი ჰაინკესის ნაცვლად გუნდი პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. ესპანელმა გუნდში სამი სეზონი იმუშავა. ყველას ჰქონდა მისი იმედი, მაგრამ პეპმა მხოლოდ ლოკალური ტურნირების მოგება შეძლო, ევროსარბიელზე კი სამჯერ დამარცხდა ესპანურ კლუბებთან ჩემპიონთა ლიგის ½-ებში. თავისუფლად შეგვიძლია მის მუშაობას იმედგაცრუებათა წლები ვუწოდოთ. გვარდიოლამ გუნდის სათამაშო სტილი ძირფესვიანად შეცვალა, რამაც გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია. საუკეთესოდ დაბალანსებული შემადგენლობა კი ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ტიტულის გარეშე დარჩა. 2016 წელს მან აღარ ისურვა კონტრაქტის გახანგრძლივება.

2016 წლის ზაფხულიდან კლუბს სათავეში იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ჩაუდგა. მან პირველივე ოფიციალურ მატჩში შეძლო ბაიერნის უშუალო კონკურენტის დორტმუნდის ბორუსიის დამარცხება სიგნალ იდუნაზე გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლაში.

ბაიერნი იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობითაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დამარცხდა. 2017/18 წლების სეზონის სტარტზე სუსტი გამოსვლის შემდეგ კლუბმა ანჩელოტი გაათავისუფლა, მისი ადგილი კი იუპ ჰაინკესს ჩააბარა.

ჰაინკესმა შეძლო ბაიერნის თამაშის გადახალისება, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალსა და გერმანიის თასის ფინალში გაიყვანა. ბაიერნმა მოიგო ბუნდესლიგა, თანაც ზედიზედ მეექვსედ. მსგავსი რამ გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში ჯერ არ დაფიქსირებულა. 2018 წლის მაისში დონ იუპმა საბოლოოდ განაცხადა, რომ პენსიაზე გადის და მწვრთნელობას აღარ აპირებს.

ხელმძღვანელობამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ბაიერნი ნიკო კოვაჩს ჩააბარა. ხორვატი 2001- 03 წლებში ბაიერნში თამაშობდა და კლუბს იცნობს, 2017/18-ის სეზონში მან გერმანიის თასიც მოიგო ფრანკფურტის აინტრახტთან ერთად, თუმცა მისი კვალიფიკაციის შესაფასებლად ეს არ კმარა, თანაც მას საერთოდ არ გააჩნია საერთაშორისო გამოცდილება.

სტადიონი

1925 წლამდე ბაიერნი ე.წ. ქალაქის პირველ ტრიბუნაზე თამაშობდა. ამ წლიდან კი მან და მიუნხენ 1860-მა ქალაქის მუნიციპალური არენა იქირავეს. მას ხალხი ზეცჰზგერ-ს (მეექვსეს) უწოდებდა. მეორე მსოფლიოს ომის დროს ის პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა. ომის შემდეგ ის ხელახლა აღადგინეს. მასზე 44 ათასი მაყურებელი ეტეოდა. 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად ოლიმპიური სტადიონი აიგო. ბაიერნი ამავე წელს გადაბარგდა ახალ არენაზე. ტავდაპირველად მასზე 79 ათასი გულშემატკივარი ეტეოდა, მაგრამ რეკონსტრუქციების შემდეგ დღეს მისი ტევადობა 59 ათასამდე დაეცა. 2002 წელს მიუნხენ 1860-თან ერთად მიუნხენში სუპერთანამედროვე ალიანც არენა აიგო, რომლის ტევადობა 75 000 კაცით განისაზღვრება.

კლუბის ხელმძღვანელობა

პრეზიდენტი: ულიჰიონესი; საპატიო პრეზიდენტი: ფრანც ბეკენბაუერი; პირველი ვიცე-პრეზიდენტი: დიტერ მაიერი; მეორე ვიცე-პრეზიდენტი: ვალტერ მენეკესი; აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტი: კარლ-ჰაინც რუმენიგე; სპორტული დირექტორი: ჰასან სალიჰამიჯიჩი

პარტნიორები: დოიჩე ტელეკომი (ძირითადი სპონსორი), ადიდასი (სპორტული ეკიპირება) აუდი, ალიანსი

ასევე: DHL, გუდიარი, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, ჰიპოვერაინსბანკი, ლუფთჰანზა, პაულანერი, SAP, სიმენსი, ტიპიკო

ბაიერნის კაპიტნები: 1965-1970 ვერნერ ოლკი 1970-1977 ფრანც ბეკენბაუერი 1977-1979 ზეპ მაიერი 1979-1979 გერდ მიულერი 1979-1980 გეორგ შვარცენბეკი 1980-1983 პაულ ბრაიტნერი 1983-1984 კარლ-ჰაინც რუმენიგე 1984-1991 კლაუს აუგენტალერი 1991-1994 რაიმონდ აუმანი 1994-1996 ლოთარ მათეუსი 1997-1999 თომას ჰელმერი 1999-2002 შტეფან ეფენბერგი 2002-2008 ოლივერ კანი 2008-2011 მარკ ვან ბომელი 2011 - 2017ფილიპ ლამი მანუელ ნოიერი 2017 -

ლევან ბიბილაშვილი.

კლუბის სურათები